შალვა ოგბაიძე: ტექდათვალიერება არ არის „ბუა” ეს რისკების შემცირებაა

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა ოგბაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ტექდათვალიერების საკითხზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ტექდათვალიერების მოქმედების გეგმის ნახვა თითოეულ მოქალაქეს ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლია.
მისივე თქმით, ტექდათვალიერება არ არის „ბუა” ეს რისკების შემცირებაა.
„საჰაერო აუზის გაჯანსაღებას თუ გადავხედავთ, ჩვენი დედაქალაქის ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელია ავტოტრანსპორტი და სამშენებლო მტვერი. ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობა მოწმდება პერიოდულად და ჩვენთან ეს სავალდებულო 2018 წლის დასაწყისიდან გახდება. შარშან ინტერესთა გამოხატვის კონკურსში გამარჯვებული ფირმა, რომელსაც უნდა დაემუშავებინა ტექდათვალიერების მოქმედების გეგმა არის კომპანია „ეს-ჯე-ესი“. მისი საშუალედო შედეგები ხელმისაწვდომია ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. თითოეულ თქვენგანს შეუძლია მას გაეცნოს. თუმცა მესამე ძირითად დასკვნას მეც ველოდები, რომელიც, ჩემი აზრით, გასცემს იმ კითხვებს პასუხს რა ეშველება საჭეგადატანილ მანქანას, რა ეშველება იმ მანქანას, რომელსაც კატალიზატორი აქვს ჩაჭრილი ან რა ეშველება ე.წ „06″. მეც თქვენთან ერთად მაინტერესებს, როგორი ტექნიკური ნიუანსები იქნება ტექნიკური ინსპექტირების დროს. ერთი შემიძლია გითხრათ, საშუალედო დასკვნაში წარმოდგენილია სადგური როგორ უნდა იყოს აღჭურვილი, დოკუმენტი სრულ შესატყვისობაშია შესაბამის ევროდირექტივასთან, რომელიც ქართული მხრის მიერ არის ხელმოწერილი. დღეს კი, საერთო ჯამში, 26 აკრედიტებული ინსპექტირების სადგურია. ამოქმედებამდე ჩატარებულ ტექდათვალიერებას იგივე ძალა ექნება რაც 2018 წლის 1 იანვრიდან. ასე ხდება ევროპაში, შემოწმების სხვა მეთოდი არ არსებობს, მაგალითად, გერმანიაში, კონკრეტული დარღვევის აღმოჩენისას გეძლევათ შესაბამისი ვადა და შემდეგ მხოლოდ ამ პრობლემაზე გიწევთ შემოწმების გავლა. ტექდათვალიერება არ არის „ბუა” ეს არის რისკების შემცირება, რაც გამოწვეულია ავტომობილის გამონაბოლქვისგან ერთი გარემოსდაცვითი და ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით და მეორე სუფთა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით. ამიტომ ამისგან „ბუას” შექმნა მე ვფიქრობ, რომ უადგილოა”,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები