გიორგი კახიანი: პრეზიდენტს წარმოდგენილი აქვს ექვსი შენიშვნა: ან ექვსივე უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა, ან არცერთი

ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ პრეზიდენტის ვეტო დავძლიოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი კახიანმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურები განმარტა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის ვეტოს ნაწილობრივ გათვალისწინება არ შეუძლია.
„პრეზიდენტს წარმოდგენილი აქვს ექვსი შენიშვნა: ან ექვსივე უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა, ან არც ერთი – ასეთია ვეტოს სპეციფიკა. მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტმა იმ სახით წარმოადგინა ვეტო, რომ იგი პარლამენტის მხრიდან გაზიარებული არ იქნება და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით რომ ეს ვეტო დავძლიოთ.
ჩვენ ახლა ვართ ვეტოს განხილვის ეტაპზე. 13 ოქტომბერს – მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ ვეტოს, თუმცა მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გვექნება განხილვა, ვეტოს სპეციფიკა ისეთია, რომ პრეზიდენტი თავის შენიშვნებს წარმოადგენს შესაბამის კანონპროექტთან ერთად, ჩვენ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ კონსტიტუციური კანონის პროექტზე და თავდაპირველად მას ეყრება კენჭი პლენარულ სხდომაზე. თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს აღნიშნულ პროექტს, უკვე შემდგომ ხდება იმ კონსტიტუციური კანონის პროექტზე განმეორებით კენჭისყრა, რომელიც სამი მოსმენით უკვე მიღებულია, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი იქნება მხარდაჭერილი, ითვლება, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისივე განმარტებით, 13 ოქტომბრისთვის დაგეგმილი რიგგარეშე სხდომის მოწვევის პრეროგატივა პრეზიდენტს ეკუთვნის.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას მოიწვევს.
„მოცემულ შემთხვევაში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის პრეროგატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, ჩვენ გავუგზავნით შესაბამის თხოვნას და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ის მოიწვევს რიგგარეშე სხდომას. არალოგიკური იქნება სხვა გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ მის მიერვე გამოგზავნილ ვეტოზე მოხდება პლენარული სხდომის ჩატარება. წინა გამოცდილება გვახსოვს, რომ პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია, თუმცა პარლამენტს აქვს თავისი ბერკეტები და  იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პრეზიდენტი უარს იტყვის სხდომის მოწვევაზე, პარლამენტს 48 საათის შემდეგ შეუძლია ჩაატაროს პლენარული სხდომა და იმსჯელოს პრეზიდენტის ვეტოზე“, -აღნიშნა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები