ცოლის ცემისა და დაშინებისთვის ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.

როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017  წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, დ.გ.-მ ქ. თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში  მეუღლეს ქ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც  სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ.გ.-ს ქმედების შედეგად ქ.ტ.-მ ფიზიკური ტკივილი  განიცადა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სამართალდამცველებმა დ.გ. 2017 წლის 5 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა), 111-151-ე მუხლით (მუქარა)  და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები