დავით დონდუა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თანაშემწესა და კომისარიატის ევროპის ბიუროს დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს, ჯორჯ ოკოთ-ობოსა და ლტოლვილთა კომისარიატის ევროპის ბიუროს დირექტორის მოადგილეს, ანგელა ლი როსის შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული მდგომარეობა განიხილეს. აქცენტი გაკეთდა სოფელ ერედვში დევნილი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასობრივად დანგრევაზე, რაც ეთნიკური წმენდის გაგრძელებას წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მიმართ დისკრიმინაციის გაძლიერებასა და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას დაეთმო.
ასევე, გალის ნეგატიური გამოცდილების კვალდაკვალ, ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელოვნური ბარიერებით საოკუპაციო ხაზის გამაგრება და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა იყო, რასაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების წვდომის აუცილებლობა.
შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილეს. მხარეებმა ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობასა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობას ხაზი გაუსვეს.
დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გაწეული ძალისხმევისთვის.