იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ დეპუტატებს განსახილველად დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი წარუდგინა. კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე -ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი -კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას დაუჭირეს მხარი.
დღესვე კომისიის წევრებმა, ალექსანდრე ელისაშვილის პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. დღესვე დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს და ამასთანავე, რამდენიმე ფიზიკური პირისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას დეპუტატებთან ერთად იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი სოფიო ქიქანი, სსიპ არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ჩხარტიშვილი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ბაჩო აბულაძე და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები