პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების და უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

მთავარმა პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების და უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც, დაზარალებულ მოქალაქეს თბილისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინა დაუბრუნდება, ხოლო ორი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე. პროკურატურის ინფორმაციით, დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის აგვისტოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქ. თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა მოქალაქე მურმან მუმლაძის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა დაპატიმრება. მურმან მუმლაძეს და მის ადვოკატს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ პირად საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დათმობას სთხოვდნენ. ბრალდებულზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მურმან მუმლაძემ გარდა საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის – 290 000 ლარის გადახდისა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ევდოშვილისა და სოხუმის ქუჩების გადაკვეთაზე, საერთო ფართით 120 კვ.მ. ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე, პროკურატურა მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მურმან მუმლაძეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინა.
რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე. გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო. 2005 წლის 27 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაბა ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების ინსპექტორი მამუკა ქარდავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისთვის, რისთვისაც მას განესაზღვრა 4 წელი პირობითი მსჯავრი და გათავისუფლდა პოლიციის რიგებიდან. უწყების ცნობით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ერთადერთი მტკიცებულება – თავად მამუკა ქარდავას აღიარებითი ჩვენება, რომელიც მან იძულების და ზეწოლის შედეგად მისცა, რა დროსაც მას იძულებით დააწერინეს თითქოს მან მის ნათესავს, დაბა ჯვარიდან საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიამდე გადააყვანინა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ავტომანქანა, მაშინ როდესაც ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა არაფერი იცოდა ავტომანქანის დანაშაულებრივად დაუფლების თაობაზე და მისი ქმედება არ შეიცავდა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნებს. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით სრულად დადასტურდა მსჯავრდებულ მამუკა ქარდავას უდანაშაულობა, რის გამოც პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.
გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება ასევე მიღებულ იქნა მოქალაქე ბაკურ იზორიას მიმართ, რომელსაც 2010 წლის 20 დეკემბერს სასამართლომ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაუსწრებლად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2009 წლის 28 აპრილს, ბაკურ იზორია და მისი მეგობრები, ჩხოროწყუს გზაზე გასწრების მიზნით ავტომანქანებით სწრაფად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანამ დაკარგა კოორდინაცია, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ელექტრო განათების ბოძს, რასაც მძღოლის გარდაცვალება მოჰყვა. საქმეზე იმჟამად ჩატარებული არასრულყოფილი და ცალმხრივი გამოძიების შედეგად ბაკურ იზორია მიჩნეულ იქნა ბრალეულ პირად, რასაც მისი მსჯავრდება მოჰყვა.
ახალი გამოძიების პირობებში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც სრულიად გამოირიცხა ბაკურ იზორიას ბრალეულობა მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში. აქედან გამომდინარე პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით. ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოში 45 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა, საიდანაც 11 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი; დაზარალებულად ცნობილ 139 მოქალაქეს დაუბრუნდა 39 მილიონამდე ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.”- აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები