სასამართლომ ყაჩაღობაში და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში და ქურდობაში ბრალდებული კ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 იანვარს დაახლოებით 21:00 საათზე კ.ნ.-მ ქალაქ თბილისში უკანონოდ შეაღწია ს.კ.-ს საცხოვრებელ სახლში და ამ უკანასკნელს თანხა და ოქროს ნივთები მოთხოვა. უარის მიღების შემდეგ კ.ნ.-მ დაზარალებული სცემა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ძალადობრივი ქმედების შედეგად, ს.კ.-მ მრავლობითი დაზიანებები მიიღო და გონება დაკარგა, ხოლო კ. ნ. დაეუფლა „SHARP“-ის ფირმის ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ კ.ნ. 2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 08:00 საათზე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის კუთვნილ პატეფონს და „სილქნეტის“ მოდემს.
სამართალდამცველებმა კ.ნ. 10 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ნ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები