წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში სამივე ვერტმფრენმა მუშაობა განაახლა.
დღესვე წაღვერში კიდევ ერთ ვერტმფრენს ელოდებიან, რომელიც საქართველოში თურქეთიდან ჩამოფრინდება . საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე წაღვერში მცირეოდენი დაკვამლიანება შეინიშნება. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები არ ფიქსირდება.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და დილიდან ინტენსიურად განაგრძობენ მუშაობას როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართულია მაღალი გამავლობის ოცამდე მძიმე ტექნიკა, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და კომპანია “თუშეთის” ვერტმფრენები, რომლებმაც გუშინ, დღის განმავლობაში 104 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 215 ტონა წყალი დაასხეს.
ხანძრის კერების მონიტორინგს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ახორციელებს. წაღვერში ხანძარი უკვე მეორედ, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ამჯერად ცეცხლის გაჩენის მიზეზად მეხის ჩამოვარდნა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები