პაატა ბურჭულაძის ფონდ “იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება ფონდი „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადება დაედო, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ „იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.