პროკურატურამ მერაბ ყოლბაიასა („კოჭოია“) და გოგიტა არქანიას საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო

2010-2011 წლების ტერაქტების სერიის საქმეზე პროკურატურამ ხელახალი გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება მერაბ ყოლბაიასა („კოჭოია” ) და ყოფილ სპეცრაზმელ გოგიტა არქანიას ბრალდების საქმეს, რომელშიც ყოფილი ხელისუფლების დროს გამოძიებამ პასუხისგებაში 15 პირი მისცა. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალი ედებათ 2010-2011 წლებში რუსი გენერლის, ბორისოვის დავალების შესრულებასა და რამდენიმე აფეთქების მოწყობაში. ყოლბაია თავდაპირველად ტერაქტების მოწყობის ბრალს აღიარებდა, სასამართლოში საქმის განხილვისას კი აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ჩვენება ზეწოლისა და წამების შედეგად მისცა. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, გლდანის მე-8 დაწესებულებაში ყოლბაიას, იგივე “კოჭოიას” უკვე რამდენიმე საათია, კითხავენ. ამასთან, მერაბ ყოლბაია იმავე პერიოდში დაკავებული და მალევე გარდაცვლილი ელდარ ქობალიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, სად-ის ყოფილი მაღალჩინოსნების, გაგა მკურნალიძისა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ საქმეზე. რაც შეეხება ყოლბაიასთან ერთად მსჯავრდებულ გოგიტა არქანიას, ის ახალი გამოძიების პირობებში უკვე დაკითხა. მისი ადვოკატი მამუკა ქირია დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ხელახალი გამოძიება აქტიურ ფაზაშია. ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს ახალი გამოძიების პირობებში, ადვოკატი არც ამაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ხელახალმა ძიებამ უნდა დაადგინოს, ვის დავალებას ასრულებდა გოგიტა არქანია მუქარის შედეგად აფეთქებების დროს და იყო თუ არა ტერაქტების სერია რუსულ გეგმად გასაღებული”.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს, მათზე ზეწოლასა და წამებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ძალოვანი უწყებების ყოფილ ხელმძღვანელებს, უკრაინაში დაკავებულ კოხტა კოდუას, ძებნილ მეგის ქარდავასა და ელდარ ქობალიასა, გაგა მკურნალიძეს და აგრეთვე ციხის ყოფილ ხელმძღვანელობას ახსენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები