ლევან იზორიამ დაღუპული კაპრალის, ალექსანდრე კვიწინაძის შვილი პირველ კლასში პირადად მიიყვანა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული კაპრალის, ალექსანდრე კვიწინაძის შვილი – გიორგი კვიწინაძე პირველ კლასში პირადად მიიყვანა. ალექსანდრე კვიწინაძე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბაზა „შირგაზზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2013 წელს დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დაღუპული სამხედროს შვილი თბილისის №108 საჯარო სკოლაში სახლიდან პირადად მიაცილა, სწავლის დაწყება საჩუქრებით მიულოცა და წარმატებები უსურვა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს ინტერესებისათვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერა და მათ შვილებზე მზრუნველობა თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალებისა და სრულიად საქართველოს მოვალეობაა.
პარალელურად, დღეს პირველ კლასში საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილები თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მივიდნენ. წელს საჯარო სკოლაში სწავლა საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცის ოთხმა შვილმა დაიწყო.