მამაკაცს, რომელმაც „პიქსელის” შენობასთან ყელის არეში მეუღლე დაჭრა, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „პიქსელის” შენობასთან მეუღლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი სამედიცინო დაწესებულებაში გააცნეს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული შ. ტ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სამედიცინო დაწესებულებაში იმსჯელა. წარდგენილი ბრალის თანახმად, შ. ტ.-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება, 2017 წლის 6 სექტემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე შპს ‘’პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან, ეჭვიანობის ნიადაგზე, ბრალდებულის მიერ ქალისათვის გულ-მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში ჭრილობების მიყენების ფაქტს. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, დაჭრილისათვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 7-15 წლამდე ვადით ითვალისწინებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 2 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება“ – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები