გაბილეთიანების სისტემის მოდერნიზაციის აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა

თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. აუქციონში მასთან ერთად, „თიბისი ბანკი“ მონაწილეობდა. გამარჯვებული კომპანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის შეთავაზებული საუკეთესო ფინანსური წინადადების წარდგენის მიხედვით გამოვლინდა. აუქციონის საწყისი თანხა 10 მილიონ ლარს შეადგენდა. საბოლოოდ, აუქციონზე ვაჭრობის შედეგად, „საქართველოს ბანკმა“ თბილისის მერიას 22,2 მილიონი ლარი შესთავაზა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი სისტემები მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დანერგოს.
კომპანია უზრუნველყოფს მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროზე ყველა ტიპის ქართული საბანკო, VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის დანერგვას. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სალარო აპარატებითა და ვალიდატორებით – ბარათის წამკითხველი აპარატურით აღიჭურვება. ამავდროულად, შესაძლებელი იქნება ბილეთის ნაღდი ფულით შეძენა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც. შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები, მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით.
„საქართველოს ბანკი“ შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვავს. მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსებში) ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას უზრუნველყოფს.
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს ხანში, თბილისელებს მგზავრობის საფასურის გადახდისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის თანამედროვე და სრულყოფილი სისტემები ექნებათ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას მეტად კომფორტულსა და მიმზიდველს გახდის. „საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები