შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ამ დრომდე რჩება

“შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ამ დრომდე რჩება” , – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სანაპირო ზოლზე კვლავ წითელი ალმებია აღმართული, რაც იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.
„შავი ზღვის სანაპიროზე წითელი ალმები ამ დრომდე აღმართულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. შესაძლებელია ასეთი მდგომარეობა დღესაც გაგრძელდეს. როგორც კი საშტორმო მდგომარეობა გაუქმდება, წითელის ნაცვლად, თეთრი ალმები აღიმართება და ამის შემდეგ დამსვენებლებს შესაძლება ექნებათ, ზღვაში საცურაოდ შევიდნენ“, – აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ამინდის გაუარესების გამო, შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა, რის შედეგადაც შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინა სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი და შესაბამისი ზომები მიიღო. ზღვის სანაპიროზე არსებულ ყველა საგუშაგოზე წითელი ალმები აღიმართა, მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები