“სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კომისია, არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზება დავუშვათ”

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი სამთავრობო კომისია, არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზება დავუშვათ.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს, რომ კომისიაში სამუშაო პროცესი ჰგავდეს სამუშაო პროცესს.„ჩვენ ყოველთვის გვექნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური დებატი გავმართოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული კონკურსი და სამთავრობო კომისია, რომლის ხელმძღვანელობის პატივიც მაქვს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილების საფუძველზე, ვთვლი, რომ არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზირება დავუშვათ ან ასეთი რამ მოხდეს. ამიტომაც, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ კომისიაში სამუშაო პროცესი ჰგავდეს სამუშაო პროცესს.
ძალიან დასანანია, რომ საიას თავმჯდომარე როგორც კოალიციის წარმომადგენელი და ძალიან ღირებული წევრი ჩვენი კომისიისა, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ 26 აგვისტომდე, როდესაც ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და კონკურსის სამუშაო პროცესი განვაგრძოთ, ეს პოზიცია შეიცვლება და კოალიცია კვლავ შემოუერთდება საკონკურსო პროცედურებს”, – განაცხადა წულუკიანმა. საიას მოთხოვნასთან დაკავშირებით, იმის თაობაზე რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი შეარჩიოს არა სახელმწიფომ და სამთავრობო კომისიამ მათი მონაწილეობით, არამედ არასამთავრობო სექტორმა და დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა, მინისტრი აცხადებს, რომ ამგვარი რამ არც ერთ წევრ სახელმწიფოში არ ხდება, შესაბამისად არ არსებობს ამის პრაქტიკა.
“ჩვენი კომისია ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. მის მიერ ჩატარებული პროცედურა უკვე მეორედ, შეფასებული იქნა როგორც დადებითი. ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფერს შევცვლით. თუკი იქნება გაუმჯობესების სხვა იდეები, როგორც აქამდე გაგვიზიარებია მათ შორის საია-ს პოზიცია, მომავალშიც მზად ვართ, ისინი გავიზიაროთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები