სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე, შპს “ლადი 2011”-ის დამფუძნებელი – ვლადიმერ ა. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვლადიმერ ა. დაუკავშირდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროს სპეციალისტს და შეატყობინა, რომ სურვილი ჰქონდა, ლანჩხუთის რაიონში მდინარე სუფსას სანაპიროდან უკანონოდ მოეპოვებინა სასარგებლო წიაღისეული – ინერტული სამშენებლო მასალა, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ბრალდებულმა საჯარო მოხელეს სთხოვა აღნიშნულ საქმიანობაში სამსახურებრივი მფარველობა თავის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, რის სანაცვლოდაც, დაჰპირდა, რომ წინასწარ, ქრთამის სახით, მისცემდა მის მიერ ყოველთვიურად მოსაპოვებელი ქვიშა-ღორღის საფასურს, ერთ კუბზე 50 თეთრის ოდენობით.
შპს “ლადი 2011”-ის დამფუძნებელმა აღნიშნულ საჯარო მოხელეს წინასწარ, ქრთამის სახით, გადასცა მოსაპოვებელი 8000 კუბი ქვიშა-ღორღის უკანონოდ მოპოვების საფასური – 4000 ლარი, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად, ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები