ეკა ბესელია: ველოდები პრეზიდენტის შესაბამის განმარტებას ქალბატონი დოლიძის განცხადებაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის წითელი ხაზის გადაკვეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მხრიდან. მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში თანამშრომლობის სივრცე არ რჩება.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბოდიშის მოხდაც აზრს კარგავს. ეს წითელი ხაზის გადაკვეთაა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მხრიდან და ამ ხაზის გადაკვეთით, შეურაცხყოფა მიაყენა არა პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, არამედ იმ ინსტიტუტს, რასაც წარმოადგენს. ეს სამწუხაროც აღარაა, ეს საგანგაშოა. პარლამენტის თავმჯდომარე ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს სახეა. ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა ნდობის მანდატი და ეს განცხადება ხალხის მანდატის უპატივცემულობაცაა. არგუმენტს და ლოგიკას როდესაც შეურაცხყოფას უპირისპირებ, ეს მძიმე სანახავია. ჩვენ არ მივიღებთ ასეთ დამოკიდებულებას. ასეთ ვითარებაში თანამშრომლობის სივრცე არ რჩება. ველოდები პრეზიდენტის შესაბამის განმარტებას ქალბატონი დოლიძის განცხადებაზე და არა მხოლოდ მე ველოდები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტში, პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას, ირაკლი კობახიძემ ანა დოლიძეს მიმართა, რომ პოლიტიკური შეფასებების უფლება არ აქვს. სხდომის დასრულების შემდეგ კი ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე „არის უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები