კახა კალაძე: თბილისისა და თბილისელების იმედი მაქვს, რომ ჩვენ პირველივე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ

“მივესალმებით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და აღნიშნულ პროცესში ამ ორგანიზაციის მონაწილეობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კვლევები ბევრ კითხვებს აჩენს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, NDI-ის მიერ ჩატარებული არცერთი კვლევა შედეგებს არ ემთხვეოდა.
„2012 წლიდან მოყოლებული, რაც მე პოლიტიკაში ჩართული ვარ, NDI-ის მიერ ჩატარებული არცერთი კვლევა შედეგებს არ ემთხვეოდა, აბსოლუტურად ყველა ცდომილებაში იყო. ეს კვლევები სხვა რამეს უკავშირდება – მაქსიმალურად ცდილობენ, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება იმის შესახებ, რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერობის კანდიდატის თვლის, რომ “ქართულ ოცნებას” დიდი მხარდაჭერა აქვს და არჩევნების პირველივე ტურს გამარჯვებით დაასრულებს.
„მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თბილისის და თბილისელების მხარდაჭერით, არჩევნები დედაქალაქში პირველივე ტურში დასრულდება. თუნდაც ის 30%, რაც კვლევის შედეგებშია მოცემული, მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასა“ და მის კანდიდატს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. თბილისელების იმედი მაქვს, რომ ჩვენ პირველივე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ. მივესალმებით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და აღნიშნულ პროცესში ამ ორგანიზაციის მონაწილეობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კვლევები ბევრ კითხვებს აჩენს და ამ ორგანიზაციის, განსაკუთრებით კი ქართული ოფისის დისკრედიტაციას იწვევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები