პროკურორი მეუფე პეტრეზე: გამოჩნდა, რომ იგი არის დაინტერესებული მხარე, რამეთუ თავად აუყვანა ადვოკატი ბრალდებულს

”მეუფე პეტრესთან მიმართებით, ერთი კითხვის ნიშანი დარჩა – რატომ ცდილობს, დახატოს არასწორი სურათი ოქრომჭედლის ვერსიაზე?” – ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გაურკვეველია რატომ იზიარებს ის ბრალდებულის პოზიციას.
”მეუფე პეტრესთან მიმართებით, ერთი კითხვის ნიშანი დარჩა – როდესაც ვერც ერთი ობიექტური პირი ვერ დაიჯერებს, რომ ბრალდებული ციანიდს ოქრომჭედლისთვის ეძებდა კეთილი მიზნებით და ეს ვერსია სასამართლოში სრულად გამოირიცხა, რატომ ცდილობს მეუფე პეტრე, დახატოს არასწორი სურათი ოქრომჭედლის ვერსიაზე? რატომ ცდილობს გამოძიების დაწყების დღიდან მეუფე პეტრე, რომ ნებისმიერი ხერხით, ხელი შეუწყოს ბრალდებულს, თავი დააღწიოს ამ მძიმე დანაშაულს? რა დგას ამის უკან? – ეს კითხვის ნიშნები არსებობს”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მისივე თქმით, პროკურორებმა ეს კითხვები მეუფე პეტრეს დაკითხვისას დაუსვეს.
”პირადად მე დავუსვი შეკითხვა მეუფეს: როდესაც ბრალდებული აცხადებს, რომ მას უნდა მოქმედი საწამლავი, რომელიც დააყენებს შედეგს, როდესაც ბრალდებული აცხადებს, ვისთვისაც ციანიდი უნდა, ის ტკბილს არ ჭამს და ექსპერტიზა დაადგენს თუ არა მსხვერპლის ორგანიზმში საწამლავის კვალს, როდესაც ბრალდებული ამით ინტერესდებოდა, რა შუაში იყო აქ ოქრომჭედელი? მეუფე პეტრემ ამაზე პასუხი ვერ გაგვცა. ის გარკვეულ შეურაცხყოფასაც კი გვაყენებდა პროკურორებს და ამის გამო, მოსამართლემ გაფრთხილებაც კი მისცა, რომ დააჯარიმებდა, თუ ასე გააგრძელებდა. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება იყო დაინტერესებული მხარის სუბიექტური განცხადებები”, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, მეუფე პეტრეს დაინტერესება ამ საქმით იქიდან გამომდინარე ჩანს, რომ პირადად მან აუყვანა დეკანოზს ადვოკატი.
“გამოჩნდა, იგი არის დაინტერესებული მხარე, რამეთუ თავად აუყვანა ადვოკატი ბრალდებულს. მის ჩვენებას ვერ გაიზიარებს სასამართლო. რჩება კითხვის ნიშნები – რატომ ცდილობს დღემდე მეუფე პეტრე, დახატოს არასწორი სურათი ოქრომჭედლის ვერსიაზე, რატომ ცდილობს გამოძიების დაწყების დღიდან მეუფე პეტრე, რომ ნებისმიერი ხერხით, ხელი შეუწყოს ბრალდებულს, თავი დააღწიოს ამ მძიმე დანაშაულს, ვინ დგას ამის უკან? – ეს კითხვის ნიშნები არსებობს”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები