ეკატერინე გრიგალავამ ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის ახალი შენობა გახსნა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ახალი ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის შენობა გახსნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, შენობა კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და ადმინისტრაციას, ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერს და კაფეს აერთიანებს.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1998 წელს შეიქმნა. ის უნიკალური სფაგნუმიანი ჭაობებით განთქმულ ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს. ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, აქ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურები განახორციელონ. ჭარბტენიან ტერიტორიებზე ტურისტებს ჭაობის თხილამურებით სარგებლობის საშუალება აქვთ. კინტრიშის დაცული ლანდშაფტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 13.893 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე.
კინტრიშის დაცული ტერიტორიები ორ სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას – სახელმწიფო ნაკრძალსა და დაცულ ლანდშაფტს მოიცავს. რელიქტური ტყეებითა და მცენარეთა ენდემური სახეობებით გამორჩეული ტერიტორია ვიზიტორებს ორ სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშრუტს სთავაზობს. აჭარის რეგიონში 4 დაცული ტერიტორია ფუნქციონირებს, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი.
ვიზიტორთა ცენტრის გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, პარლამენტის და აჭარის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.