კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიცეუმში სწავლის მსურველმა კანდიდატებმა ზოგადი უნარების ტესტების ვერბალური და მათემატიკური ნაწილები ჩააბარეს.
ტესტირებაში მონაწილეობა რეგისტრირებული 562 აბიტურიენტიდან, 560-მა მიიღო, რომელთაგან 67 გოგონაა. უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფმა და უსაფრთხოების სექტორმა დამკვირვებელთა ჯგუფი გამოყვეს, რომლის ზედამხედველობითაც უნარ-ჩვევების ტესტებამდე ერთი დღით ადრე, კენჭისყრის პრინციპით, ტესტის ხუთი ვარიანტიდან ერთი შეირჩა, დაიბეჭდა და ვიდეოკამერების ქვეშ დაილუქა. ლუქი გამოცდის დღეს გაიხსნა, უკვე შესრულებული ნაშრომები კი საგამოცდო კომისიის მიერ მათ გასწორებამდე, ხელახლა დაილუქა. ნაშრომებს კოდები აქვთ მინიჭებული, რათა კონკურსანტთა გვარები შემფასებლებისთვის უცნობი დარჩეს. თითოეული ნაშრომი კომისიის სამი სხვადასხვა წევრის მიერ დამოუკიდებლად სწორდება. ამის შემდეგაც, სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტებს მინიჭებული აქვთ სააპელაციო უფლება, რათა სწორ პასუხებს თავიანთი ნაწერები შეადარონ.
საგამოცდო პროცესი კამერებისა და დამკვირვებელთა მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა, რამაც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარება, გამჭვირვალობა და მაქსიმალური ობიექტურობა უზრუნველყო. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების პირველი ეტაპი ფიზიკურ ტესტს დაეთმო. ტესტი სირბილს 60 და 2000 მეტრიან დისტანციაზე, ასევე, ღერძზე აზიდვას მოიცავდა.
ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 3 აგვისტოს გამოქვეყნდება.