ნინო წერეთელი – პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი

 29 ივნისს, 17:00 საათზე, პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის დაბადებიდან 115 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება.
როგორც „კვირას“ მუზუმიდან აცნობეს, გამოფენა აერთიანებს ნინო წერეთლის 60-მდე ნამუშევარს – ქანდაკებებს, გრაფიკულ ნამუშევრებს და თეატრალური კოსტიუმების ესკიზებს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნინო წერეთლის პირადი ნივთები.
1920-იანების საქართველოში ქალი მოქანდაკის გამოჩენა ერთგვარ რევოლუციას წარმოადგენდა. ნინო წერეთლის მკვეთრი ინდივიდუალიზმი და გაბედულობა ეპოქის სტერეოტიპებს არღვევდა. იგი თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებლის იაკობ ნიკოლაძის გამორჩეული მოსწავლე იყო. სწორედ ნიკოლაძესთან მიღებული ჩვევებით უნდა აიხსნას ის გარემოებაც, რომ მოქანდაკე არ აჰყვა იმ დროს მოდად ქცეულ ესთეტიკურ-ფორმალისტურ მიმდინარეობას, პირიქით, თავის ნამუშევრებში ნინო წერეთელი ყოველთვის იცავდა ფორმათა მოცულობასა და კონსტრუქციული საწყისების შეფარდებას.
ნინო წერეთელი ფსიქოლოგიური პორტრეტის დიდი ოსტატია – მისთვის ადამიანის გარეგნობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნატურა და სულიერი სამყარო. მისი ნამუშევრები საოცარი ინტიმურობითა და ლირიკულობით გამოირჩევა, იგი არ იშურებს კომპოზიციურ და გამომსახველობით საშუალებებს, რათა ზედმიწევნით გადმოსცეს მათი ინდივიდუალიზმი. ნინო წერეთელი 1939 წელს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა საკმაოდ დიდი მხატვრული მემკვიდრეობა დაგვიტოვა.
გამოფენა 29 ივლისამდე გასტანს.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები