რა ვითარებაა რიკოთზე (ფოტოკოლაჟი)

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი დროებით ჩაკეტილია და ტრანსპორტის გადაადგილება ვერ ხერხდება. როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება შეჩერებულია და უკვე ნახევარი საათია რიკოთის გვირაბთან არიან გაჩერებული. მისივე თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, პერიოდულად, კლდის ნაშალი ცვივა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. როგორც დეპარტამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ.146-კმ.157 მონაკვეთზე მეკლდეურების დახმარებით, ფერდობის ჩამოწმენდა მიმდინარეობს.
„კვირა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, უცვლელად გთავაზობთ.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ.146-კმ.157 მონაკვეთში შ.პ.ს. „იბოლია“ ახორციელებს გზის მიმდებარე კლდოვანი ფერდობის ჩამოწმენდას, მეკლდეურების მეშვეობით, რის გამოც, 23 ივნისს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, პერიოდულად, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადაკეტვა, 15 წუთიანი ინტერვალებით, რამდენჯერმე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რიკოთზე ავტომობილების გადაადგილება პერიოდულად, გარკვეული ინტერვალით განხორციელდება და მგზავრები გადაადგილებას შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები