ძლიერი წვიმა და სეტყვა თბილისის რამდენიმე უბანში – მოსახლეობას სარდაფები და სადარბაზოები დაეტბორა (ფოტოკოლაჟი, ვიდეო)
თბილისის რამდენიმე უბანში, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, ამ დროისათვის, სულ 4 შეტყობინება დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის დახმარება წერეთლისა და გლდანის დასახლების მოსახლეობას დასჭირდა. შემთხვევის ადგილებზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. მოსახლეობას ძლიერი წვიმის შედეგად სარდაფები და სადარბაზოები დაეტბორა.
რამდენიმე წუთის წინ, თბილისის რამდენიმე უბანში, კერძოდ გლდანში, მუხიანსა და დიდ დიღომში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 ივნისს საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდი იქნება. კერძოდ, 10 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 12 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი.