რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის მორიგი აქცია “ახალ მზიურში“ გაიმართა

10 ივნისს, 13:00 სთ-ზე, “ახალ მზიურში“, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის სახელით გაიმართება ფოტოპროექტის “ცხოვრება რევმატოიდული ართრიტით – როცა მარტივიც ურთულესია“ პრეზენტაცია.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლება, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ფოტოებზე, რომლის ავტორია გოგა ჩანადირი, ასახულია რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების ყოველდღიური ცხოვრება, ის მარტივი ყოველდღიური აქტივობები, რომლის განხორციელებაც მათ დაავადების გამო ძალიან უჭირთ და ხშირ შემთხვევაში ამისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია – ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ეწვიოს ფოტოგამოფენას. აღნიშნული პროექტით პაციენტების სურვილია საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა და დაანახონ ის რეალობა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება,მოწვეულ სტუმრებს დაავადების სიმძიმესა და შექმნილი პრობლემების შესახებ მიმართავენ “რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის” თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი, დამფუძნებლები მარინა საღარაძე და რუსუდან ედიბერიძე, მხარდამჭერებთან ერთად. კამპანიის საკომუნიკაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია “ჯეპრა”.
პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვის უწყებების, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, მერიის ჯანდაცვის სამსახურის, საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, მედიკოსები, პაციენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
დასასრულს გამოქვეყნდება ონლაინ პეტიცია, მიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი – საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით. სპეციალურ ბანერზე კი პაციენტები დააფიქსირებენ საკუთარ პრობლემებსა და სურვილებს.
რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში.
რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს.
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთი სისტემური გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემია და ა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10 წლით იყოს შემცირებული. დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ სამწუხაროდ დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.
რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირი დაარსდა 2016 წლის 20 მაისს. კავშირის დაფუძნებით, საქართველო შეუერთდა აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება. კავშირის ძირითადი მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებასთან მიმართებაში; სტანდარტული თერაპიისადმი რეზისტენტული პაციენტების (განსაკუთრებით მძიმე ფორმების) ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის ზრუნვა; პერმანენტული ურთიერთობა საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციასთან, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან და სხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაციებთან დაავადების გარშემო არსებული სიახლეების, მეთოდების, ახალი მედიკამენტების გაზიარების თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები