„საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” განცხადებას მოსამართლეები ემიჯნებიან

საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” 2017 წლის 30 მაისის განცხადებას მოსამართლეები ემიჯნებიან – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, ასევე სამტრედიისა და ფოთის მოსამართლეებმა დატოვეს.
„ჩვენ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი, მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი, თამარ სვანიძე ვაცხადებთ, რომ ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” სახელით, 2017 წლის 30 მაისს გამოქვეყნებული წერილი ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა და იგი ცნობილი გახდა მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგ.
ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენი სახელით, ჩვენთან შეთანხმების გარეშე რაიმე სახის განცხადების გაკეთება, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” დატოვების თაობაზე“
მოსამართლე მურთაზ კაპანაძის განცხადება
ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ 2017 წლის 30 მაისის განცხადება მიმაჩნია, რომ წარმოადგენს პროცესების პოლიტიზაციის მცდელობას სასამართლო სისტემის შიგნით. ეს განცხადება ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა და არ გამოხატავს ჩემს აზრს. იმის გამო, რომ მსგავსი, ჩემთან შეუთანხმებელი და მიუღებელი განცხადებების გამოქვეყნებით არ მოხდეს მათთან ჩემი იდენტიფიცირება, გთხოვთ, ნუღარ ჩამთვლით ,, მოსამართლეთ ერთობის’’ წევრად, რომელთანაც ბოლო პერიოდში ისედაც გაწყვეტილი მაქვს ურთიერთობა.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძის განცხადება
ვაცხადებ, რომ ასოციაცია-“საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” 2017 წლის 30 მაისის წერილის შინაარს და პათოსს არ ვეთანხმები, ის, ჩემთან, როგორც ამ ასოციაციის ერთ-ერთ წევრთან, შეთანხმებული არ ყოფილა, საერთოდ არაფერი ვიცოდი მისი შინაარსისა და გამოქვეყნების შესახებ, ამიტომ, პროტესტის ნიშნად ვტოვებ ასოციაცია-“საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” რიგებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 4 მოსამართლის განცხადება
ასოციაცია ,,მოსამართლეთა ერთობის” მიერ 2017 წლის 30 მაისს გამოქვეყნებული განცხადება ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა და იგი არ გამოხატავს ჩვენს აზრს, ამასთან, აღნიშნული არ წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რის გამოც ვტოვებთ ასოციაცია ,,მოსამართლეთა ერთობას”.
გოდერძი გიორგიშვილი, მარინა ხოლოაშვილი, მანუჩარ კაპანაძე, მანანა ჩოხელი.
„ასოციაცია მოსამართლეთა ერთობას“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ტოვებენ
2017 წლის 30 მაისს, ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ ვეთანხმებით: განცხადება გაკეთებულია ჩვენთან შეთანხმების გარეშე, აღნიშნული ფორმით განცხადების გაკეთება ჩვენთვის, როგორც ასოციაციის წევრებისათვის მიუღებელია, რამდენადაც მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს ასოციაციის წევრებთან და არ უნდა გამოხატავდეს მხოლოდ ცალკეული პირების პოზიციას, რასაც წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. მიგვაჩნია, რომ ასოციაციის სახელით განცხადების გაკეთება უნდა ემსახურებოდეს მოსამართლეთა კორპუსის გაერთიანებას და გაჯანსაღებას და არ უნდა იყოს მიმართული კოლეგების დამცირებისა და შეურაცხყოფისაკენ, რის გამოც ვტოვებთ ასოციაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები