პროკურორი: ნებისმიერი პირი დარწმუნდება, რომ დეკანოზი მამალაძე ამზადებდა ადამიანის მკვლელობას

“ნებისმიერი ობიექტური პირი დარწმუნდება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას ამზადებდა”,-ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს დღევანდელი პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
ბრალდების მხარემ წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულისა და ადვოკატების ქმედება პროცესის გაჭიანურების მცდელობად შეაფასა.
„დღევანდელი სხდომისთვის მზად არის ბრალდების მხარე, რათა წარდგეს შესავალი სიტყვით. ჩვენ შესავალი სიტყვა ჯერ კიდევ წინა პროცესზე უნდა გვეთქვა, თუმცა ადვოკატთა არასათანადო ქცევის გამო, ის პროცესი ჩაიშალა და გააჭიანურეს როგორც ბრალდებულმა, ასევე, ადვოკატებმა საქმის განხილვა. წარვადგენთ ჩვენს ყველა მტკიცებულებას და დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი ობიექტური პირი დარწმუნდება, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე ამზადებდა ადამიანის მკვლელობას”,-განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
​შეგახსენებთ, რომ ე.წ ციანიდის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება ბრალდების მხარის შუამდგომლობით მიიღო. დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის შესავალი სიტყვით დაიწყო. პროცესს ბრალდებული დეკანოზიც ესწრება, რომელმაც წინა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. მან სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა თავის ადვოკატებსაც. მოსამართლემ ადვოკატები პროცესიდან გააძევა და დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დეკანოზის ადვოკატები ისევ აღადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები