ვის გაურიგდა დეკანოზი მამალაძე და ვინ არის უკრაინელი ბიზნესმენი, ვინც მას 50 მილიონ ევროს ურიცხავდა?

ე.წ ციანიდის საქმის მთავარ ფიგურანტს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 50 ათასი ევრო, რომლის არსებობითაც საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა დაინტერესდა, ანგარიშზე უკრაინელმა ბიზნესმენმა, ვინმე სერგეი ჯამბოვმა ჩაურიცხა.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ჯამბოვს საქართველოში ბიზნესაქტივობა არ უფიქსირდება, თუმცა ცნობილია, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელიც ამავდროულად, საპატრიარქოს კლინიკის დირექტორიც გახლდათ, ჯამბოვის სასარგებლოდ, კლინიკის ქონება იპოთეკაში ჩადო. სტატიის თანახმად, კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ მამალაძე ჯამბოვისგან დიდი ოდენობით რამდენიმე ტრანშის მიღებას ელოდებოდა, თუმცა ამ ფინანსური გარიგების შესახებ საპატრიარქოში ინფორმაცია არ ჰქონიათ.
ჯამბოვი უკრაინის მოქალაქეა, თუმცა ერთ-ერთი ინფორმაციით, მას ბიზნესები სხვადასხვა ქვეყნებში აქვს, მათ შორის ბულგარეთში. როგორც გამოცემა წერს, უკრაინის მოქალაქეებთან გიორგი მამალაძის ბიზნესკავშირებზე ინფორმაცია საჯარო რეესტრშიც მოიძებნება. იქ სერგეი ჯამბოვის გვარი არ ფიგურირებს, თუმცა, „პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, საუბარია ერთ წრეზე.
„2014 წლის 14 აგვისტოს, საჯარო რეესტრში ერთდროულად რეგისტრირდება სამი კომპანია: შპს „ტოროქსი“, შპს „კარო ოპტიმუსი“ და შპს „სუერტე“. სამივე კომპანიის წილები ფორმდება ქობულეთში მცხოვრებ დავით ყურშუბაძეზე, თუმცა ზუსტად 10 დღეში, 2014 წლის 24 აგვისტოს სამივე ამ კომპანიის დოკუმენტაციაში შედის ცვლილება და წილები დეკანოზ გიორგი მამალაძესა და უკრაინის მოქალაქეებზე ნაწილდება. სამივე კომპანიის დირექტორად საჯარო რეესტრის ამონაწერებში მითითებულია ვინმე მიხაილო ნიკულინი (უკრაინა), წილები კი სამივე კომპანიაში შემდეგნაირად ნაწილდება: ანატოლი პალიანიცა (უკრაინა) – 15 პროცენტი, ოქსანა ნაბიევა (უკრაინა) – 25 პროცენტი, ანდრეი გორდიჩუკი (უკრაინა) – 35 პროცენტი და გიორგი მამალაძე (საქართველო) – 25 პროცენტი.
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ კომპანიების საქმიანობის სფერო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები