სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს აბდულა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.
როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია.
როგორც აბდულა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი განმარტავს, თურქეთის მოქალაქე აბდულა ემრე ჩაბუქი სამართალდამცველებმა თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მისივე ინფორმაციით, ოფიციალური ანკარა დემირელის კოლეჯის მენეჯერს ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან FETO-სთან კავშირს ედავება და მისი მიზნების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
“15 წელია, საქართველოში ვარ. მაქვს საქართველოში ბინადრობის უვადო უფლება, რომელიც სახელმწიფომ მომანიჭა. ბოლო 15 წელია, საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევი ერთგულად. ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. ეს ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა. სამწუხაროდ, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვითხოვ, არ გადამცენ თურქეთს”, – აღნიშნა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო სხდომაზე.
დემირელის კოლეჯის მენეჯერი ითხოვდა, რომ თურქეთში მისი ექსტრადირება არ მომხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები