სამედიცინო დაწესებულება „ლანცეტის“ დირექტორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ ოთარაშვილმა განუცხადა.
როგორც უფლებადამცველი აცხადებს, დირექტორის მხრიდან თანხის მითვისების ფაქტსაც არ ჰქონია ადგილი.
„შემომტანზე გაცემულია შესაბამისი ქვითარი, გადახდილია მოგების გადასახადი და კანონი როგორც მოითხოვს თანხა ისეა ათვისებული კლინიკის მიერ. აქ არავითარ მითვისებას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა მიხეილ ოთარაშვილმა.
ხოლო, მოწვეული ექიმის ლიცენზიას რაც შეეხება, ადვოკატი ადასტურებს, რომ მას ლიცენზიის ვადა გასული ჰქონდა. მაგრამ, კლინიკის ხელმძღვანელობას ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდა მიმოწერა, რომ გაეცათ დროებითი მიმართვა.
„როდესაც ექიმი საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის თებერვალში, ერთი თვის გასული ჰქონდა ვადა ლიცენზიას. კლინიკამ დაიწყო მიმოწერა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ გაეცათ დროებითი ლიცენზია. ამ დროს საავადმყოფოში შემოდის ორი მძიმე ავადმყოფი, რომლებიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებენ. სამინისტრომ მოწვეულ ექიმზე ლიცენზია ივლისში გასცა, მაგრამ ამ პერიოდში ოპერაცია უკვე ჩატარებული იყო და შედეგი დამდგარი“, – ამბობს ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა.
მისივე თქმით, ლიცენზიის გარეშე ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილება „ლანცეტის“ დირექტორს არ მიუღია.
„ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას დირექტორი ვერ მიითებდა. ეს უნდა გადაეწყვიტა მთავარ ექიმს და მკურნალ ექიმს“, – განაცხადა მიხეილ ოთარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულება შპს ”ლანცეტი”-ს დირექტორს, მთავარი პროკურატურა პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები