ბინალი ილდირიმი: თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან შემდგომი თანაშრომლობის გაღრმავებას

თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან შემდგომი თანაშრომლობის გაღრმავებას, – ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბინალი ილდირიმის შეფასებით, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი მიანიშნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, სადაც მხარეებს შესაძლებლობა აქვთ, სიღრმისეულად განიხილონ ყველა საკითხი და იმსჯელონ თანამშრომლობის განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, საფუძველი ჩაეყარა ერთობლივ ეკონომიკურ და სავაჭრო კომისიას, რომელიც მომავალი თანამშრომლობის ახალ ჩარჩოებს განსაზღვრავს. საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს „თბილისის განცხადებას,” რომლითაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, თავიანთი პატივისცემა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი და აღნიშნეს, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა და მეგობრობა რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტია.
დღესვე ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას”; დეკლარაციას „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ”; „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას”; „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციის სამინისტროს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს”.
სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას, რომელიც საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართა, მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები