კლინიკა “ლანცეტის” ერთ-ერთი მფლობელი დააკავეს

კლინიკა “ლანცეტის” ერთ-ერთი მფლობელი, საქართველოს მოქალაქე ფარმან ჯეირან ლი დაკავებულია, – ამის შესახებ „კვირას“ სამედიცინო დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ნონიაშვილმა განუცხადა.
საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ფაქტს. კერძოდ, საქმეში დაზარალებულად ორი ოჯახია ცნობილი, რომელთა ახლობლები კლინიკა “ლანცეტში” ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალნენ.
კლინიკის ერთ-ერთი მფლობელის დაკავების ფაქტი „კვირას“ მთავარ პროკურატურაშიც დაუდასტურეს.
როგორც “კვირას” პროკურატურაში განუცხადეს, კლინიკა „ლანცეტის“ მფლობელისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დაზარალებულებმა განცხადებით ჯერ კიდევ შარშან მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები