შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ჩვენებებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ჩვენებების მოკლე შინაარსს აქვეყნებს.

ლაშა თორდია:

საქმეზე გამოკითხული ლაშა თორდიას ჩვენებით, 13 მაისს, ღამის საათებში, იგი ღამის კლუბ „ელ ცენტროს“ ღია ტერასაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მისვლიდან რამდენიმე ხანში, ლაშა თორდიამ მეგობართან ერთად გადაწყვიტა შენობის შიგნით განთავსებულ ბართან მისულიყო. შენობაში შესვლისას მას შეხვდა ოთარ ფარცხალაძე, თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდია გვერდით გაიხმო და აგრესიული ტონით მიმართა, თუ რატომ აგროვებდა მასზე კომპრომატებს და სამსახურებრივი ვადის გასვლის შემდეგ, როგორ აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას. საუბრის დროს ისინი გამოვიდნენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე. ამ დროს საუბარში ჩაერია ოთარ ფარცხალაძის გვერდით მყოფი, იმ დროისთვის თორდიასთვის უცნობი პირი – მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია დაინტერესდა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, რა დროსაც მარცხენა მხრიდან, თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა მან არ იცის, ვინ დაარტყა. აღნიშნულს მოჰყვა კიდევ რამდენიმე დარტყმა თავისა და სახის არეში. მისი ცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც იქ მყოფი პირები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. მომხდარ ფაქტს ლაშა თორდია თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნიშნით დაესხა თავს ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძე:

საქმეზე გამოიკითხნენ ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებმაც გამოძიებას შემდეგი სახის ჩვენება მისცეს: 13 მაისს, ღამის საათებში, ოთარ ფარცხალაძე მეუღლესთან, მეგობარ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად „ელ-ცენტროში“ იმყოფებოდა.
დაახლოებით, 02:00 საათისთვის მათ წასვლა დააპირეს, რა დროსაც შენობის გასასვლელ კართან ლაშა თორდია შემოხვდათ. ეს უკანასკნელი მათ მიესალმა, მაგრამ მისალმების ფორმის გამო მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რაც „ელ ცენტროს“ ტერასაზე გაგრძელდა. იქვე მივიდა მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრიც. კამათის დროს ლაშა თორდია უფრო აგრესიული გახდა, ოთარ ფარცხალაძეს თავი ახლოს მიუტანა და ფაქტობრივად, ყვირილით უთხრა, რომ უნდა სცოდნოდა, ვის როგორ მისალმებოდა. ამის საპასუხოდ ფარცხალაძემ აიქნია ხელი სიტყვებით – „აბა, შენ რა უნდა გელაპარაკო“ და წასასვლელად შემოტრიალება სცადა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია, რომელიც ოდნავ შეეხო ოთარ ფარცხალაძეს და შუბლის არეში მოხვდა მიხეილ ჩოხელს.
ჩოხელი შეეცადა, ფიზიკური წინააღმდეგობა გაეწია თორდიასთვის. მომხდარში დაცვის თანამშრომელიც ჩაერია, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა ლაშა თორდია დასაცავი ობიექტისგან მოშორებით გაეყვანა. მათთან აღმოჩნდნენ „ელ ცენტროს“ დაცვის თანამშრომლებიც და კონფლიქტი, რომელიც, არაუმეტეს 10-20 წამი გრძელდებოდა, განიმუხტა. მათი შეფასებით, მომხდარი ფაქტი არის პროვოკაციის მცდელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები