შსს: „ელ ცენტროს“ ტერასაზე პირველად ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა
საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ „ელ ცენტროს“ ტერასაზე, სადაც საუბარი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, პირველად ხელი თორდიამ მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების ცნობით, კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა, რის შემდგომ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა „ელ ცენტროს“ ტერიტორია დატოვეს, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე დარჩა.
საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალაძე და ლაშა თორდია, მათთან მყოფ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის წევრთან ერთად, ერთმანეთს კლუბის შენობის გასასვლელთან შეხვდნენ, მისალმებასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, მაგრამ საუბრის დეტალებზე, ბარში არსებული ხმაურის გამო ვერ უთითებენ. აღნიშნულის შემდგომ მათ ტერასაზე გადაინაცვლეს, სადაც საუბარი უკვე დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ძიძგილაობითა და ერთმანეთში ჭიდილით კლუბის შესასვლელ კართან გადაინაცვლეს. კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა, რის შემდგომ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა „ელ ცენტროს“ ტერიტორია დატოვეს, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე დარჩა. მოწმეთა ჩვენებით, დაპირისპირება რამდენიმე წამი გრძელდებოდა.
საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა.
გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი, როგორ ხდება კონფლიქტი, რომელიც ძალიან მალე, დაახლოებით, 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს „ელ-ცენტროს“ ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება“, – განაცხადეს შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.