გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. უფლებადამცველები 19 მაისის სასამართლო პროცესიდან ადვოკატების გაძევების განკარგულებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, დეკანოზს სახაზინო ადვოკატი უსაფუძვლოდ დაუნიშნეს, რადგან სასულიერო პირს ოთხი ადვოკატი ჰყავს, სამს პროცესი დაატოვებინეს, მეოთხე კი საპატიო მიზეზით სხდომას ვერ დაესწრო, თუმცა მომავალ პროცესებზე მას დეკანოზის ინტერესების დაცვა შეეძლო.
„სააპელაციო სასამართლოში შევიტანეთ საჩივარი და ვითხოვთ, გაუქმდეს მოსამართლის 19 მაისის განკარგულება, რომლითაც სხდომიდან გამოგვაძევეს. ჩვენ არანაირი წესი არ დაგვირღვევია, რომ ჩვენ მიმართ გამოძევების შესახებ განკარგულება მიეღოთ. განკარგულებაში წერია, რომ წესრიგი დავარღვიეთ, რა წესრიგი დავარღვიეთ, ეს ჩემთვის უცნობია. მეოთხე ადვოკატი თუ არ არის გამოძევებული, მაშინ რატომაა საჭიროება, რომ მამალაძე დაიცვას სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა. ჩვენ ვითხოვთ, მოგვეცეს საშუალება, სრულყოფილად დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი სხდომის სრულად დახურვასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა.
„პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას და მოვუწოდებ ასევე, ჩემს ადვოკატებს, დატოვონ სასამართლო და არ დაესწრონ სხდომებს“, – განაცხადა მამალაძემ და იგივე ქმედებისკენ მის ადვოკატებსაც მოუწოდა.
სასამართლო პროცესი, პროტესტის ნიშნად, დეკანოზთან ერთად, მისმა ადვოკატებმაც დატოვეს, რის შემდეგაც მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზს მომდევნო პროცესებზე სახაზინო ადვოკატი დაიცავს.