“გავხოხდი და 112-ში დავრეკე” – თვითმხილველი საავადმყოფოში მომხდარ სროლაზე

ინფექციური საავადმყოფოს პაციენტებს სამედიცინო დაწესებულების მოპირდაპირე მხარეს მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ესროლეს. ამის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომელსაც სროლის ხმა ღამის 11.00 საათზე შემოესმა.
მისივე თქმით, მამაკაცი, რომელმაც პალატას რამდენჯერმე ესროლა, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პალატაში მასთან ერთად კიდევ 2 პაციენტი იმყოფებოდა.
მისივე ინფორმაციით, ტყვიები ჯერ პალატის ფანჯარას მოხვდა და შემდეგ ერთი ტყვია ერთ-ერთი პაციენტის საწოლს დაეცა.
“ღამის 11 საათი იქნებოდა, სროლის ხმა რომ გავიგეთ. ჯერ გარედან ისმოდა, მერე ფანჯრების გასკდომის ხმა იყო, რამდენიმე ტყვია მოხვდა ჩვენს ფანჯარას და მერე ერთი ტყვია უკვე ერთ-ერთის საწოლს. ბეწვზეა გადარჩენილი პაციენტი. სროლის ხმაზე მაშინვე ძირს დავწექით და რომ გაგრძელდა, მერე გარეთ გავხოხდი დაწოლილი, ყველაზე ახლოს მე ვიყავი კარებთან და 112-ში დავრეკე, რომ ველაპარაკებოდი, ამ დროსაც ისმოდა სროლის ხმა. ჩვენი პალატა კორპუსის ბოლოა და პირდაპირ უყურებს საცხოვრებელ კორპუსს, როგორც ჩანს, იქიდან იყო სროლა”, – ამბობს თვითმხილველი და დასძენს, რომ სროლამდე რამდენიმე წუთით ადრე, პაციენტები ფეხზე იყვნენ, ფანჯარასთან მოძრაობდნენ და სროლა რამდენიმე წუთით ადრე რომ მომხდარიყო, მათ მოხვდებოდათ.
მისი თქმით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე ძალიან მალე მივიდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები