ქართული მართლმსაჯულების მიერ გათავისუფლებული “კანონიერი ქურდი” დავით გერლიანი უკრაინაში დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა კავკასიელი “კანონიერი ქურდი” მეტსახელად „დათო სვანი“ დააკავეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში „დათო სვანმა“ უკრაინის ტერიტორია ყალბი დოკუმენტების გამოყენებით გადმოკვეთა.
მათივე ცნობით, „დათო სვანი“ ოდესის ოლქში დამნაშავეების სამყაროს კონტროლს ცდილობდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ქართველი კანონიერი ქურდი დნეპრში გაქცევას ცდილობდა, თუმცა მისი დაკავება ოპერატიულად შეძლეს. ამ ეტაპზე მზადდება საჭირო დოკუმენტაცია მისი საქართველოში ექსტრადაციისთვის.
მზადდება საჭირო დოკუმენტაცია, რათა „დათო სვანი“ სამშობლოში დააბრუნონ. აღსანიშნავია, რომ „დათო სვანი“ იგივე დავით გერლიანი – ჩაჩიბაიაა. იგი „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით ქართველმა სამართალდამცველებმა 2016 წლის, 22 ივნისს იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას საქართველოს-სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა. დავით გერლიანი იგივე „დათო სვანი“ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
2016 წლის 8 დეკემბერს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
მოგვიანებით, მოსამართლემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული სასამართლოს განხილვების მიმდინარეობისას წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და ჯარიმის ოდენობა 6 500 ლარამდე შეუმცირა.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დავით გერლიანი-ჩაჩიბაია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები