ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა შეწყდა

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა  შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლო სხდომის შეწყვეტის მიზეზი ბრალდებული პროტესტი გახდა. გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და ადვოკატებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რომლის დასრულების შემდეგაც, დარბაზში მხოლოდ პროკურორები შევიდნენ. რის გამოც მოსამართლემ საქმის განხილვა შეწყვიტა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განმარტა, მან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნა შეასრულა.
“პროტესტის ნიშნად პროცესი დატოვა დეკანოზმა მამალაძემ. მან კატეგორიულად მოგვთხოვა ადვოკატებს, დაგვეტოვებინა განხილვა. ჩვენ ვალდებულები ვართ, ისე ვიმოქმედოთ, როგორც მამალაძე მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტს ექნება ადგილი”, – განაცხადა რამიშვილმა.
სხდომის სრულად დახურვა ბრალდების მხარემ მოითხოვა. პროკურატურის შუამდგომლობის მიხედვით, საქმის მასალებში არსებობს ისეთი ფაქტები და მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებულის პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავს, მათ შორის მესამე პირების ინტიმური ცხოვრების დეტალებს.
აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები