დეკანოზმა მამალაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი სხდომის სრულად დახურვასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა.

„პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას და მოვუწოდებ ასევე, ჩემს ადვოკატებს, დატოვონ სასამართლო და არ დაესწრონ სხდომებს“, – განაცხადა მამალაძემ.

სასამართლო პროცესი, პროტესტის ნიშნად, დეკანოზთან ერთად, მისმა ადვოკატებმაც დატოვეს.

ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო განხილვა სრულად დაიხურა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, სასამართლოს დახურვის შესახებ, სრულად დააკმაყოფილა. პროკურატურამ სხდომების დახურვის მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც როგორც ბრალდებული მამა გიორგის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს. პროცესების დახურვის წინააღმდეგი იყო დაცვის მხარე და თავად ბრალდებული – დეკანოზი გიორგი მამალაძე.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად, მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. უწყების ინფორმაციით, დეკანოზმა ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები