პროკურორი: ე.წ. ციანიდის საქმის მასალებში არანაირი ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს

„უკვე მერამდენედ, ადვოკატების მხრიდან ჩვენი შუამდგომლობების დამახინჯება ხდება და ისინი სიცრუეს ტირაჟირებენ“, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესის შემდეგ გამოცხადებული შესვენების დროს განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმის მასალებში არანაირი ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს.
„უკვე მერამდენედ, ადვოკატების მხრიდან, ჩვენი შუამდგომლობების დამახინჯება ხდება და ისინი სიცრუეს ტირაჟირებენ. ეს არის ახალმოგონილი სიცრუე და ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს. ეს ადვოკატმა ხელოვნურად დაამახინჯა“, – განაცხადა პროკურორმა ადვოკატ გიორგი ფანცულაიას გამოსვლის პასუხად, რომელმაც ბრალდების მხარე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალით დაშანტაჟებაში დაადანაშაულა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე ამავე საქმის მეორე პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ საქმეში დევს მასალები, რომლებიც შეიცავს პირადი ცხოვრების, მათ შორის, მესამე პირების ინტიმური ცხოვრების დეტალებს.
რაც შეეხება სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ჩვენებას, რომ იგი სამართალდამცავებს აეროპორტში არ დაუკავებიათ, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განმარტა:
„მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა მოხდა კანონიერად და შენიშვნა მას არ ჰქონდა. ეს ნახა მოსამართლემაც. ბრალდებული ყოველ სხდომაზე ახალ ინფორმაციას იგონებს და ეს მისი სტრატეგიაა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი მტკიცებულებები“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისათვის, ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზს ინტიმური ვიდეომასალის გამოქვეყნებით აშანტაჟებენ.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სათათბირო ოთახში მოსაფიქრებლადაა გასული, რათა საქმის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანოს.
სხდომაზე ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა.
სასამართლო პროცესის დახურვას ბრალდების მხარე ითხოვს, თუმცა პროკურატურის ამ მოთხოვნას ბრალდებული და მისი ადვოკატები ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები