პროკურორი: ერთადერთი, რაზეც პროკურორები დეკანოზს ესაუბრებიან, გამოძიებასთან თანამშრომლობაა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვისას, მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მხილების შესახებ პროკურატურის მხრიდან მინიშნების ფაქტს პროკურორი ზვიად გუბელაძე კატეგორიულად უარყოფს და დეკანოზის ადვოკატებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს დღევანდელი პროცესის დაწყებამდე განუმარტა, ერთადერთი, რაზეც პროკურორები ბრალდებულს ესაუბრებიან, გამოძიებასთან თანამშრომლობაა.
“ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ბრალდებულთან არის ის, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, აღიაროს დანაშაული. შესაბამისად, მოხდება შეღავათიან პირობებში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა ან საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ასეთი პოზიცია გვაქვს ნებისმიერ ბრალდებულთან. საქმე გამოყოფილია და ცალკე მიმდინარეობს სისხლის სამართლის ძიება შესაძლო თანამზრახველების კუთხით, თუმცა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა გუბელაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 12:00 საათისთვის დაიწყო. ცნობილია, რომ პროკურორები პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობას დააყენებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები