ავტომანქანის ხელოსნის მკვლელობისათვის მსჯავრდებული სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის

ავტომანქანის ხელოსნის მკვლელობისათვის ბრალდებული კონსტანტინე ლ. 18-წლიან სასჯელს ხონი-ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამოჯანმრთელებამდე მოიხდის. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამავე საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის ბრალდებულ პაატა ხ.-ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქმე ეხება, თბილისში, ვაკეში, 2016 წლის სექტემბერში, ავტოფარეხში განთავსებულ სახელოსნოსთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც კონსტანტინე ლ.-მ შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამაზ მ.-ს გულმკერდის არეში მიაყენა ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა და მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, იგი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე კონსტანტინე ლ.-ს თან ახლდა პაატა ხ. , რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე  სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა.
წარდგენილი ბრალის თანახმად, კონსტანტინე ლ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. მასვე ბრალად ედებოდა ცივი იარაღის ტარება, ხოლო პაატა ხ.-ს ბრალდების მხარე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილად მიიჩნია ორივე ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტები. საქმის მასალების გამოკვლევისას, დადგინდა, რომ კონსტანტინე ლ.-ს აქვს ფსიქიკური პრობლემები და დანაშაულის ჩადენისას, იგი შერაცხადი იყო. კონსტანტინე ლ.-ს სასამართლომ, მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში 12 წლით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვისათვის 2 წლით, ხოლო ტარებისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, ცივი იარაღის ტარებისათვის 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ დანაშაულებისთვის დადგენილი სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, ასევე, სასჯელს დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, კონსტანტინე ლ.-ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები