ადვოკატი: ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას არ აპირებს

ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას არ აპირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღევანდელი დაკითხვის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ფარცხალაძეს ქვეყნის დატოვების არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ფარცხალაძე პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. აქედან გამომდინარე, ქვეყნის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება დღევანდელ დაკითხვას, ადვოკატის ინფორმაციით, გამომძიებლებს ოთარ ფარცხალაძემ დეტალურად მოუყვა ყველა ის ინფორმაცია, რაც გააჩნია.
“საგამოძიებო უწყება დაინტერესდა კონკრეტული კითხვებით. კითხვები ეხებოდა მათ შორის იმას, რაიმე ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხომ არ იმყოფებოდა ოთარ ფარცხალაძე, ვისთან ერთად იმყოფებოდა ბარში, ასევე, რა იყო მისთვის ცნობილი. დაისვა ბევრი კრიტიკული კითხვაც. ლაშა თორდიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ოთარ ფარცხალაძემ გამოძიებას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია. მან დაადასტურა ფაქტი, რომ უშუალოდ მათ შორის რაიმე ფიზიკურ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ამასთან, ადვოკატი მიიჩნევს, რომ გამოძიების გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან ოთარ ფარცხალაძის მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება.
კაფე-ბარის ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით კი ადვოკატისთვის უცნობია, ამოიღო თუ არა ეს ჩანაწერები გამოძიებამ. თუმცა, მისი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის დაცვის მხარემ კაფე-ბარის ადმინისტრაციას ამ ჩანაწერების გადაცემასთან დაკავშირებით უკვე მიმართა.
რაც შეეხება ფარცხალაძის მხრიდან კორუფციული გარიგებებით მიღებულ სარგებელზე გავრცელებულ ინფორმაციებს, ადვოკატმა განმარტა, რომ ეს არის პოლიტიზირებული თემა და ამის შესწავლას ფარცხალაძის მხარე პროკურატურაში მოითხოვს. ამ საკითხზე კი, საგამოძიებო უწყებაში განცხადება უახლოეს მომავალში შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები