გაგი მოსიაშვილი: თარ ფარცხალაძე მზად არის, ნარკოტიკებთან დაკავშირებით შემოწმდეს ნებისმიერ დროს

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის, ნარკოტიკებთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს შემოწმდეს.
როგორც მოსიაშვილმა გადაცემა “არჩევანში” საუბრისას აღნიშნა, 13 მაისს ოთარ ფარცხალაძე არათუ ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა და ეს შემოწმებით დადგინდება.
”მაშინ, როდესაც დაცვის მხარე საუბრობს იმაზე, რომ ლაშა თორდია შესაძლოა ყოფილიყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ეს მხოლოდ დაცვის მხარის პოზიცია არ არის. ეს არის მტკიცებულებებით, თვითმხილველების და მიმტანი პირების მიერ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება. რაც შეეხება ნარკოტიკულ თრობას, ოთარ ფარცხალაძე მზად არის, შემოწმდეს ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ამით ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადება იქნება უსაფუძვლო. ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, როდესაც ლაშა თორდია ნარკოტიკულ თრობაზე საუბრობს. რეალურად, ოთარ ფარცხალაძე არ ეწევა სიგარეტს და სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს.
კონკრეტული მიმტანის განცხადებით, რომელიც ფარცხალაძის მაგიდას ემსახურებოდა, ფარცხალაძეს, მის მეუღლეს, მათ მეგობარს მიხეილ ჩოხელს და მისი დაცვის წევრს აქვთ შეკვეთილი 2 ბოთლი ცქრიალა ღვინო და მირთმეული აქვთ მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინო, ერთი ბოთლი კი გაუხსნელია. ეს დასტურდება მტკიცებულებებით.
რაც შეეხება თორდიას, აქაც დასტურდება, რომ პირადად ლაშა თორდია მიირთმევდა მძიმე ალკოჰოლურ სასმელს. ეს ინფორმაცია ჩვენი მხრიდან იქნა მოძიებული, მაგრამ ფაქტია, რომ ამის თქმის საფუძველს ფაქტობრივი გარემოებები იძლევა”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები