სასამართლომ შპს “ჰიგიენა 2009-ის” ყოფილ დირექტორს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა და ყველა ანგარიში დაუყადაღა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, შპს “ჰიგიენა 2009-ის” ყოფილ დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ყველა ანგარიში დაუყადაღდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ცეცხლაძის საქმეზე დღეს იმსჯელა. საქმის მასალების თანახმად, პროკურატურა ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონის მითვისებას ედავება, რაც 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს თანხა ქობულეთში ნაგავსაყრელის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი. სასამართლოზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. ბრალდებულის ადვოკატი პროკურატურის ბრალდებებს ეთანხმება. ცეცხლაძე თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს. თუმცა სასჯელის მსუბუქი ფორმის გამოყენებას ითხოვს. ბრალდებულის განცხადებით, იგი ორი შვილის მამაა და ამასთან, თანხის ნაწილი, კერძოდ, 600 ათასი ლარი დაბრუნებულია.
შპს “ჰიგიენა 2009” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების – “ჰიგიენა 2009”-ის დირექტორი თებერვალში დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები