გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტის არჩევის წესი, არაპირდაპირიც და პირდაპირიც, დემოკრატიულია

„გულწრფელად გეუბნებით, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი, არაპირდაპირიც დემოკრატიულია და პირდაპირიც დემოკრატიულია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში, პრეზიდენტის არჩევის წესის პროექტთან დაკავშირებით სახალხო განხილვისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მმართველ გუნდს არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის უპირატესობის დასამტკიცებლად არასწორი არგუმენტები მოჰყავს. მისი თქმით, არ შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველმა შესაძლოა, არასწორი არჩევანი გააკეთოს.
„გულწრფელად გეუბნებით, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი არაპირდაპირიც დემოკრატიულია და პირდაპირიც დემოკრატიულია. ერთი წინაპირობაა – საქართველოში ეს უკვე ტრადიციაა. როგორ არის ის? – შეჩვეულს ნუ გადამაჩვევო, თუ რაღაც? – ეგრეა რა. ამას რომ ცვლი, ამიხსენი, რატომ. იმას ნუ მეტყვი, რომ შენაო, ვიღაც სულელი არ აირჩიოო, ამას ნუ მაკადრებ. სხვანაირად ამიხსენი, სხვა სიტყვებით ამიხსენი და ნუ გამოიყვან ისე, რომ ვიღაც ოდიოზური, სულელი, ავანტიურისტი არ ავირჩიოთ. სხვანაირად ამიხსენი და დამიმტკიცე, ოღონდ შეურაცხყოფას ნუ მომაყენებ, რომ სულელის ამრჩევი ვარ მე და შენი 300 ხმოსანი კიდევ სულელს არ აირჩევს, ამას ნუ მაკადრებ. სხვანაირად ამიხსენი, რატომ არ უნდა ავირჩიო პრეზიდენტი. ორივე დემოკრატიულია, მაგრამ ახსნასაც თავისი ლაზათი აქვს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. ​
​ამასთანავე, გიორგი მარგველაშვილმა ამავე შეხვედრაზე პრეზიდენტის უფლებამოსილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარსარდლის ფუნქციაა.
„ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, ეს არის მთავარსადრდლის ფუნქცია. ქართული ჯარი დღესაც დგას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიის წინაშე. ქართველ ჯარისკაცს წინ უდგას ამოცანები და გამოწვევები, რომელიც, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთულია მსოფლიოს მასშტაბით. ამ ჯარისკაცს მთავარსარდალი არ უნდა მოუშალო. საუბარი მაქვს არა იმ მთავარსარდალზე, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, რომელიც თან მთავარსარდალია და თან ომის გამოცხადებაზე საბუთს რომ მიუტანენ – უფლებაც არ აქვს, რომ ხელი არ მოაწეროს, არამედ რეალურ მთავარსარდალზე. ამ მთავარსარდალს სჭირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა, ეს ზეპარტიული თემაა“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები