გიორგი მარგველაშვილი: რომ რაც შენია, შენია, რაც არ არის, არ არის

საქართველოს პრეზიდენტი გორში გამართულ სახალხო საკონსტიტუციო ცვლილებების დროს პრეზიდენტის არჩევის ახალ წესს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ძლიერმა პარტიამ სხვისი ხმების მიწერა არ უნდა იკადროს.
„სხვისი ხმების საკუთარ ხმებად მიწერა არა მარტო სამართლიანი არ არის ჩემთვის, გარკვეულწილად, ვფიქრობ, რომ ძლიერმა პარტიამ ეს არ უნდა იკადროს“,- ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
მისივე თქმით, ამ წესს არ დაეთანხმა კომისიაში მჯდომი არც ერთი პარტია.
„მოდით, შევხედოთ პარლამენტის არჩევის წესს, საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის უკეთესია 5%-იანი ბარიერი, მაღალი ბლოკი და ბონუსის სისტემის გადანაწილება. კომისიაში ისხდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არც ერთი არ დაეთანხმა ამას. ეს ხომ რაღაცას ნიშნავს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე, იტალიის მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ჩვენთან სხვა სიტუაციაა.
“გასაგებია, რომ თურმე იტალიაში ასე ხდება, ბარიერი ასეთია. სიმართლე გითხრათ, ასეთი მეცნიერული მიდგომა ჩემთვის რთულია. იქ თურმე ბარიერი ამდენია, ბლოკი ამდენია, ორპალატიანი პარლამენტია, შინაარსი ერთი და მარტივია ხო? სხვისას ნუ მიიწერ. იტალიაში თუ ეგეთი ტრადიციაა, კაცი რომ გადის ოჯახიდან, თავის პალტოს ჩაიცვამს, მერე სხვის ქუდსაც დაიხურავს და წაიღებს, ჩვენთანაც ხომ იგივე ტრადიცია არ უნდა იყოს? მე არ ვიცი იტალიაში რატომ არის ასე. ჩვენთან მარტივად უნდა იყოს, მიიღე ხმა – აიღე, ის ხმა შენია. არ მიიღე ხმა – რატომ უნდა წაიღო ეს ხმა, გაუგებარია. მარტივად გავაკეთოთ, როგორც არის, რაც შენია, შენია. რაც შენი არ არის – არ არის შენი. ამაზე მარტივი სათქმელი რა არის ? თუ იტალიაში სხვანაირად არის, რა ვიცი, არ გავზრდილვარ იტალიაში და სადაც გავიზარდე, ასე იყო, რომ რაც შენია, შენია, რაც არ არის – არ არის. ამაზეც პოლიტიკურ პარტიებს ვკითხოთ ჭკუა. ეს ხომ მათი სათამაშო მოედანია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები