ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა

„სახელმწიფოს მართვა კრიმინალური ხერხრებითა და მეთოდებით მიდიოდა,“ – ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამაჟამად აჭარის უმაღესი საბჭოს დეპუტატმა, ზაზა ოქუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით წაღების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ამასთან, ოქუაშვილმა 2014 წლის 19 თებერვლის მოვლენები გაიხსენა, რა დროსაც „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში სპეცრაზმი შევიდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზაზა ოქუაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ახორციელებდნენ და სთხოვდნენ, რომ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების წილები დაეთმო.
როგორც ოქუაშვილმა განაცხადა, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების შუამავლის როლს ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ასრულებდა.
როგორც ზაზა ოქუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც წილის გადაფორმებაზე უარი განაცხადა, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში სპეცრაზმი შევიდა, რის შემდეგაც „იბერიას“ ლიცენზიის დათმობაზე, ზურაბ ადეიშვილისა და მისი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით, ვაჭრობა დაიწყო.
„ამხელა ტელევიზია გაჩერდა, რომელსაც 500 ჟურნალისტი ჰყავდა. ასევე, გაჩერდა ფირმა, რომელსაც ბიუჯეტში მილიარდნახევარი აქვს შეტანილი და ამის შესახებ სააკაშვილმა არაფერი იცოდა? კანონი ყველასთვის უზენაესი უნდა იყოს და კრიმინალზე პასუხი ნებისმიერმა თანამდებობის პირმა აგოს,“ – აღნიშნა ზაზა ოქუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით კი, ზაზა ოქუაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი წარმომადგენელი, ლევან აღდგომელაშვილი ზურაბ ადეიშვილის დავალებით, მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც ადეიშვილის მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე შეხვდა და კეტეგორიულად მოსთხოვა, რომ უპირობოდ დაეთმოთ ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზია 11 თვის განმავლობაში გაჩერებული „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის ამუშავების ნების მიცემს სანაცვლოდ.
ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით წაღების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 24 აპრილს, ზაზა ოქუაშვილის ჩვენების მიცემით განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები