ზვიად კვაჭანტირაძე: ლავროვის ვიზიტი სოხუმში იყო მორიგი პროვოკაცია
“ლავროვის ვიზიტი სოხუმში იყო მორიგი პროვოკაცია”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ვიზიტს.
ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი რეალობას სწორად ვერ აღიქვამს. მისივე თქმით, რუსეთი განაგრძობს ილუზორულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში.
“ლავროვის ვიზიტი სოხუმში იყო არა მხოლოდ მორიგი პროვოკაცია, არამედ უაღრესად მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი თავად ვერ აღიქვამს რეალობას სწორად და განაგრძობს ილუზორულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთი ვერ აცნობიერებს, რომ საერთაშრისო თანამეგობრობა არასდროს დაუკანონებს მას ანექსიურ პოლიტიკას კავკასიასთან მიმართებაში, არასდროს დაუკანონებს საქართველოს გახლეჩას და დაქუცმაცებას”,- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში 18-19 აპრილს ეწვია და იქ რუსეთის საელჩოს გახსნას დაესწრო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრები გამართა.