დავით მათიკაშვილი “რესპუბლიკელ” ლევან ბერძენიშვილს მეტი ზრდილობისკენ მოუწოდებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი “რესპუბლიკელ” ლევან ბერძენიშვილს მეტი ზრდილობისკენ მოუწოდებს.
“შემიძლია ერთი რამ გადაჭრით გითხრათ, რომ უზრდელობას და უკმეხობას საზღვარი არ აქვს ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის ზღვარგადასული, ვაიექსპერტებისგან წამოსული და უზრდელობის მორევი, რომელსაც ისინი აფრქვევენ. მათ არ მოსწონთ ირაკლი კობახიძე, რადგან სადაც ირაკლი კობახიძეა და არის მისი გუნდი, იქ წყალი არ იმღვრევა, ხოლო ასეთი ადამიანები სწორედ მღვრიე წყალში ცდილობენ თევზის დაჭერას. რეალურად, ირაკლი კობახიძე არის ის პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იმ ჩარჩოში მოაქცია, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია და რომლის მუშაობის შედეგადაც შეიქმნება ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
“რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა “განსხვავებულ აქცენტებში” პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი დამოკიდებულება გააკრიტიკა და მას “გაუნათლებელი” უწოდა.
“პარლამენტის თავმჯდომარეს არ უყვარს პრეზიდენტი, ეს გასაგებია. მიდის პრეზიდენტი მასთან სტუმრად, არ უყურებს სახეში და გვერდით იხედება. ჩვენ ვამბობთ, რომ სახლში არ არის გაზრდილი. რომ ესწავლა ვაჟა ფშაველას სტუმარ-მასპინძელი მაინც, ეცოდინებოდა, რომ სტუმარი რომ მოდის, პრეზიდენტი, კაცი კი არა, უბრალოდ სტუმარი, იმას უნდა შეხვდე. ჩვენი განათლება ამას გვასწავლის, ის უბრალოდ გაუნათლებელია. არა მარტო ირაკლი კობახიძე, ჩვენი მთავარი პრობლემა ეს არის”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები